Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუბლიკამ“, „ნეტგაზეთმა“ და On.ge-მ განცხადება გაავრცელეს ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ


მედიასაშუალებებმა „პუბლიკამ“, „ნეტგაზეთმა“ და On.ge-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის საქმიანობის შესახებ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ცენტრმა გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული.

„ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერ მედიასაშუალებებს (Publika.ge, On.ge, netgazeti.ge) ცესკო გვედავებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციას.

„პუბლიკას” დეზინფორმაციის გავრცელებად „ჩაეთვალა” არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნების” და „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” განცხადებების გაშუქება, რომელშიც NGO-ები აკრიტიკებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შესაბამისად დეზინფორმატორია „პუბლიკაც”.

On.ge-ს შემთხვევაში დეზინფორმაციად მითითებული იყო მასალა სახელწოდებით: „მმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს — სამოქალაქო საარჩევნო კომისია”, რომელიც მომზადებული იყო მოძრაობა „სირცხვილიას” მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო კომისიაზე დაყრდნობით და მასალაშივე ეწერა, რომ პასუხისთვის სივრცე შეთავაზებული იყო ცესკო-სთვისაც. გარდა ამისა, მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო „დეზინფორმაციის” 5 შემთხვევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ საუბარია ერთ მასალაზე და უცნობია, რატომ წერია ანგარიშში 5.

„ნეტგაზეთის” შემთხვევაში მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელების სამი შემთხვევა, თუმცა მონიტორინგის ცენტრმა გამოცემას ვერ წარუდგინა შესაბამისი მასალები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ბრალდება მიუღებელია სანდო, კვალიფიციური და სტანდარტებზე დაფუძნებული მედიისთვის.

ცესკოს ახალი სტრუქტურის, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებით რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქმის მთელი ქართული მედია დეზინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობს.

ზოგიერთმა მედიაორგანიზაციამ საკუთარი თავი ცესკოს მონიტორინგის ცხრილებში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. აგვისტოში „დეზინფორმაციის გამავრცელებელთა“ ცხრილებში მოხვდა რადიო თავისუფლებაც, თუმცა შემდეგ ცესკოში ყველაფერი მექანიკური შეცდომით ახსნეს, ცხრილები ჩაასწორეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG