Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიანიშნა, რომ განიხილავს რუსეთისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის შეძენას.

ნატოს წევრი თურქეთი ულტრათანამედროვე ავიაგამანადგურებლის, F-35-ის პროგრამიდან გამოაძევეს და თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელთა მიმართ სანქციები დაწესდა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა 2019 წელს.

აშშ აცხადებს, რომ ნატოში რუსული სისტემების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის F-35-ებს. თავის მხრივ, თურქეთი აცხადებს, რომ S-400 სისტემები შეიძლება დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული, ნატოს სისტემებში ინტეგრაციის გარეშე.

ერდოანმა აშშ-ის ტელეარხ CBS-ს უთხრა, რომ თურქეთს არ მისცეს ალტერნატივის სახით ამერიკული Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენის საშუალება. მან ასევე დაიჩივლა, რომ აშშ-მა არ მიაწოდა მას F-35 გამანადგურებლები, თუმცა თურქეთმა 1,4 მილიარდი დოლარი გადაიხადა. CBS-მა ერდოანთან ინტერვიუს ნაწილის ტექსტი გამოაქვეყნა. სრული ინტერვიუ 26 სექტემბერს გადაიცემა.

სამხედრო ექსპერტები S-400-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევენ.

29 სექტემბერს დაგეგმილია ერდოანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG