Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, განაახლონ ავღანეთში ფრენა


თალიბანის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდეს, განაახლონ ავღანეთში ფრენა. მათი თქმით, ავღანეთის აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია.

განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა 26 სექტემბერს. ავღანეთის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს, გახსნას ქვეყანა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.

გასულ თვეში, როცა თალიბანის მებრძოლები დედაქალაქ ქაბულში შეიჭრნენ, მათ ფაქტობრივი კონტროლი დააწესეს აშრაფ ღანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე.

აეროპორტი, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული ქაოსური ევაკუაციის დროს დაზიანდა, კვლავ გაიხსნა ყატარისა და თურქეთის ტექნიკური ჯგუფების დახმარებით.

შეზღუდული მასშტაბით ფრენა განაახლა „პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებმა“. აეროპორტიდან წარმოებს ასევე ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული ფრენა და სამგზავრო რეისების მცირე ნაწილი.

მაგრამ სრულმასშტაბიანი კომერციული მომსახურება არ განახლებულა.

„ავღანეთის მრავალი მოქალაქე ჩარჩა ქვეყნის გარეთ და ისინი ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალდანიშნული პრესმდივნის, აბდულ ყაჰარ ბალხის განცხადებაში.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანი სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და ის საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს.

მას ასევე გაურკვეველი პოზიცია უკავია საერთაშორისო ზეწოლის პასუხად ისეთ საკითხებში, როგორებიცაა, მაგალითად, ქალთა განათლება და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ შურისძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG