Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანიამ თანამოქალაქეებს მიულოცა "სოხუმის გათავისუფლების დღე"


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამოქალაქეებს მიულოცა „საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ჯარებისგან სოხუმის გათავისუფლების 28-ე წლისთავი“.

ბჟანიას თანახმად, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის თავზე აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ აღმართვის შედეგი იყო „გამარჯვების მომტანი შეტევა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“.

„სწორედ ამ დღეს ბოლო მოეღო ჩვენი უძველესი ისტორიის ძეგლების განადგურებას, არქივების და მუზეუმების დაწვას, მეხსიერებიდან ჩვენი ხალხის წაშლის მცდელობას და ისტორიის დამახინჯებას“, - აცხადებს ასლან ბჟანია და მადლობას უხდის „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანებს“.

ის, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის გათავისუფლების დღედ ითვლება, დანარჩენ საქართველოში სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG