Accessibility links

site logo site logo

წიკლაური სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: პოლიტიკოსები მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ წავიდნენ ციხეებში


ნუგზარ წიკლაური, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი აბაშის მუნიციპალიტეტში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის საერთო კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ დააპატიმრებენ. „ასეთია პოლიტიკური ცხოვრება“, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ციხისთვისაც მზად უნდა იყვნენ:

„პოლიტიკოსები მე მიმაჩნია, რომ მზად უნდა იყვნენ მათ შორის იმისთვისაც, რომ თუ ასეთი ვითარება არის, წავიდნენ ციხეებში და ამით კიდევ უფრო დააჩქარონ ფარდის ახდის პროცესი ამ მთავრობის მოქმედებებისათვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომელმაც არ გამორიცხა ისიც, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით იყოს მკაცრი მითითებები იმისა, რომ სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენოს.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, რას შეუწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, მან განაცხადა, რომ ეს პირველ რიგში სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართ რწმენის განმტკიცებას დაეხმარება. მისივე თქმით, ძნელია პროგნოზირება იმისა, რა მოხდება, თუმცა სწორია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, სწორედ არჩევნების დასრულების შემდეგ ჩამოვიდეს საქართველოში.

„არა არჩევნებამდე, არა არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, არამედ სწორედაც არჩევნების დასრულების შემდეგ არის დაანონსებული მისი ჩამოსვლა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ამ არჩევნებზე სტაბილურობა, სიმშვიდე, არ გვინდა არანაირად, რომ იყოს რაიმე სახის პროვოკაციები, რომელიც მთავრობას ხელს გაუხსნის ახალი ძალადობისათვის“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, თუ არჩევნები გაყალბდება და ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი სამოქალაქო ღირსების დაცვა მოუწევთ, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა საქმეს მხოლოდ წაადგება:

„ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი ნება და შემდეგ თუ ხელისუფლება მართლაც გადაწყვეტს, რომ უხეშად გადაწეროს ოქმები, რასაც, ვფიქრობ, დაინახავენ ის საერთაშორისო მონიტორები, რომლებიც ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა მეგობარი ქვეყნებიდან იქნებიან აქ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქალაქო ღირსება და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური და სამოქალაქო უფლება, რომელიც უნდა დავიცვათ მშვიდობიანი პროტესტით. და თუ ამ პროტესტის დროს მიხეილ სააკაშვილი თავისი დიდი რეპუტაციით და გავლენით იქნება საქართველოში, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა „საღამოს საუბრებში“.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. გუშინ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ამ დრომდე ის ქვეყანაში არ დაბრუნებულა. საქართველოს სასამართლომ ის დაუსწრებლად სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სამართალდამცავებს მისი დაკავება შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG