Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე დაკავებულია ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი, რომელიც დაკარგული ეგონათ


„ნაციონალური მოძრაობის" წევრები თითქმის სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის ვაჟს, ლუკა ბიძინაშვილს.

საბოლოოდ, მაჟორიტარმა კანდიდატმა გაარკვია, რომ მისი შვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოკითხვაზე. ლუკა ბიძინაშვილის ოჯახის წევრები გორიდან თბილისში გაემგზავრნენ.

როგორც ლევან ბიძინაშვილი ჰყვებოდა, მერეთის თემში შემავალ სოფელ კარბის ცენტრში „შკოდის" მარკის ავტომანქანა გაჩერდა და ლუკა ბიძინაშვილი იკითხეს, ვინაობის გარკვევის შემდეგ ის მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ლევან ბიძინაშვილი აცხადებდა, რომ „შკოდის" მარკის ავტომანქანით პოლიციელები იყვნენ, თუმცა ისინი ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები არ ყოფილან.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებდა, რომ მათი კანდიდატის შვილის გატაცება, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ლუკა ბიძინაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული თბილისში, შელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG