Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: წინასაარჩევნოდ კვლავ იყო სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, მოსყიდვის ფაქტები


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ისევე როგორც პირველ სექტემბრამდე, ისე მის შემდეგ კვლავ აღმოაჩინეს წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევები. კერძოდ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, მოსყიდვის ფაქტები.

ანგარიშში გამოკვეთილი ტენდენციები:

  • კვლავ ჰქონდა ადგილი სავარაუდოდ დისკრიმინაციულად სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებს;
  • გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, საბავშვო ბაღებში/საჯარო სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლისა და პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ უკანონო დამუშავების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ასევე, გამოიკვეთა მედიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მტრული გარემოს შექმნის ტენდენციაც.

"მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირების დიდმა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დარღვევების ფაქტები დაადასტურა, სახალხო დამცველი იყენებს ტერმინ "სავარაუდოს", რადგან მთელი რიგი შემთხვევები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და მათი დადგენა საგამოძიებო ორგანოების და სასამართლოს პრეროგატივაა", - აღნიშნულია ანგარიშში.

კანდიდატების შესაძლო ზეწოლის/დაშინების საქმეები

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. ანაგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები იყვნენ, 6 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და 1 "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი.

სახალხო დამცველის აპარატი კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან. აქვე აღნიშნულია, რომ კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელშეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას პირდებოდნენ.

ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დასაქმებულ პირთა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის საქმეები

ანგარიშში მოხვდა სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების, ან სამსახურებრივად შევიწროების 69 სავარაუდო შემთხვევა. აქვე აღნიშნულია, რომ ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა.

ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელოში, აჭარასა და შიდა ქართლში გამოვლინდა. დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (აპარატისთვის 6 ფაქტია ცნობილი), მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან. გამოიკვეთა კერძო დაწესებულებიდან გათავისუფლების ერთი ფაქტიც.

ძალადობრივი ინციდენტები

განსაკუთრებით მძიმე მოვლენებს უწოდებს ომბუდსმენის აპარატი დმანისში (ქვემო ქართლში) განვითარებულ მოვლენებს, სადაც პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი მხარდამჭერი დაშავდა, მათგან ორი ცივი იარაღით არის დაჭრილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოფელ განთიადში მმართველი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატის შვილია დაკავებული.

მედია და უფლებადამცველები

სახალხო დამცველის აპარატისთვის შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ინციდენტების მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რიგ შემთხვევებში არასათანადო რეაგირებასთან, რაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს.

"ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები. ასეთი შემთხვევები ახალისებს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობას", - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევაში მოყვანილი გარემოებების გამო სახალხო დამცველი მოუწოდებს:

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებსა და საჯარო წყაროებში მითითებული ყველა შესაძლო ზეწოლის, მუქარის, დევნის, ფიზიკური ძალადობის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და დანაშაულის ნიშნების მქონე სხვა ფაქტები; ჩატარდეს ყველა ეფექტიანი ღონისძიება თითოეულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა გამოვლენისა და მათ მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით;
  • უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმირებულობა ყველა დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.

ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს:

  • არ დაუშვან პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომელთა დისკრიმინაცია და სამსახურიდან გათავისუფლება;
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემასა და საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირების დაცვას პოლიტიკური ზეწოლის, დისკრიმინაციისა და შევიწროებისგან.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

  • თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. უფლებადამცველებთან მიმართებით იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით.
XS
SM
MD
LG