Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას თქმით, სუს-მა მისი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და მეწილე ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა. ასე გამოეხმაურა გვარამი კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადებას, სადაც ის ადასტურებდა მედიამენეჯერის მკვლელობის მომზადებას.

გვარამია ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს მისი ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან არ ესაუბრა.

"გაოგნებული ვარ, ამის შემდეგ გამოვიდა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოჰყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ მკვლელები იდენტიფიცირებულები არიან - ანუ უთხრა, რომ დადგენილები არიან; მოჰყვა, რომ დაცვის წევრები გამიორმაგეს - ანუ უთხრა, რომ ჩემი დაცვა უფრო ადვილია თუ რთული...

ის, რაც ახლა სუს-მა გააკეთა, მეც გამიკეთა და მათ შორის, იმ ბიჭებს, ვინც მე მიცავს, რომ თქვა რამდენი არიან და კიდევ რამდენი დაემატება - რეალურად გააკეთა არაკვალიფიციური, სრულიად პოლიტიზირებული, სამარცხვინო და მე ვიტყოდი დანაშაულებრივი ქმედება. ამაზე პასუხი მოეთხოვება ყველას... ისეთი ინფორმაცია გაამჟღავნა, რომელიც არ შეიძლებოდა. ხვალ რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, სად მიდის ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი?!." - ამბობს გვარამია.

გვარამია ვარაუდობს, რომ მისი ლიკვიდირების საქმეს სავარაუდოდ უკრაინას და იქ მყოფ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვარამია დღეს, 30 სექტემბერს დაიბარეს. იქ მისულ ჟურნალისტებს, მოგვიანებით კი ყველა მედიასაშუალებას დაეგზავნა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია.

"მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG