Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი: არ მგონია სააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს


"ჩემი აზრით, ეს [მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება] სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.

მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ" - უთხრა ამერიკის ხმას სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ ჯინ შაჰინმა. მან ასევე ისაუბრა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და იმაზეც, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია დაძაბული წინასაარჩევნო გარემოსა და ძალადობის ფაქტების შესახებ.

"ჩვენ უნდა დავინახოთ არჩევნები, რომლისაც ხალხს სჯერა, უნდა დავინახოთ ის, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, გამარჯვებული ძალაუფლებას ისე აიღებს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. ასევე უნდა დავინახოთ ობიექტური სასამართლო, რომელიც არ იქნება რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ.

იმედი გვაქვს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მე მაწუხებს წინასაარჩევნო ძალადობა, რომელიც უკვე მოხდა. როდესაც საქართველო ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათ გაიგონ ის, რომ მთელი მსოფლიო უყურებს იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. თუ ამ არჩევნებზე ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გამოიკვეთა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს დასავლური მისწრაფებები მათთვის ძალიან გართულდება"- უთხრა სენატორმა ამერიკის ხმას.

სენატორი ჯინ შაჰინი თბილისში ბოლოს 2021 წლის ზაფხულში იმყოფებოდა - ამ ვიზიტის დროს ის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG