Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი სააკაშვილზე: პარტიის ნაცვლად სახელმწიფო უწყებებმა უნდა დაადასტურონ ტყუილ-მართალი


საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას. მან ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრეზიდენტის განცხადებას სრულად:

"არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში - ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.

მართალია თუ ტყუილი, ეს თემა, თავისთავად, არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე.

სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.

ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ-მართალი და ამით დააწყნარონ - დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით.

პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რამეთუ ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას ვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმეორებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ ჩამოსულა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

"ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია... კიდევ და ერთმნიშვნელოვნად ვიმეორებ - მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG