Accessibility links

site logo site logo

მდინარაძემ ახსნა რატომ ამბობდნენ დილიდან, რომ საააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება


"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის ლიდერების დღევანდელი განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ეფუძნებოდა სამართალდამცავებისგან მიღებულ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავდა სააკაშვილის დაკავების ოპერაციის წარმატებით დასრულებას:

"სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსტში, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია", - თქვა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, სამართალდამცავებმა კარგად გათვალეს, რომ პარტიის ლიდერების მხრიდან სხვა მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ოპერაცია შესაძლოა, ასეთი წარმატებით ვერ დასრულებულიყო:

„მათ ეს რისკი არ გაწიეს. მიუხედავად იმისა, შეიძლება პიროვნულად რაღაცა, ეს ადამიანური მომენტია, ჩვენც კი გვქონოდა გულისწყვეტა, მაგრამ რა დროს ამაზე გულისწყვეტაა, როდესაც მათ უსწორესად, ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი, არ გაწიეს არანაირი მინიმალური რისკი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ეს სცოდნოდათ. ეს ისედაც არ ხდება, როდესაც სპეცოპერაციები იგეგმება, პოლიტიკური ლიდერები ამის საქმის კურსში არც უნდა აიყვნენ და არც არიან.

დღეს დილიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა პოსტები და ვიდეოები იმის შესახებ, რომ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში იმყოფება, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს ტყუილია და სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა.

საღამოს 8 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანდასწრებით ჩატარებულ ბრიფინგზე ღარიბაშვილს სააკაშვილის დაკავების კონკრეტული დეტალები არ უთქვამს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG