Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ილაპარაკა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც, მისი აზრით, ოპერაცია ჩაატარეს მაღალ დონეზე და მშვიდობიანად.

„სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით, გაძლიერდა. დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც“, - მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ არასოდეს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

„ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო. არა და არასოდეს“, - თქვა ზურაბიშვილმა და განაგრძო: - „იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასდროს დამავიწყდება და არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ, რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როდესაც ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით. მამოძრავებდა და ვებრძოდით ერთადა და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს“.

ზურაბიშვილი ასევე შეეხო სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხს.

„მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მოქალაქეობა დატოვა; და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა და, რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა. აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ „მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია“. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG