Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები


8:00 საათზე საქართველოში დაიწყო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი. კიდევ 70 უბანი გაიხსნა კორონავირუსით ინფიცირებული, კლინიკებში, ან თვითოზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მიერ მიცემული ხმების დასათვლელად. პაციენტებს, რომლებმაც საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის მიზნით მიმართეს, გადასატან ყუთებს მიუტანენ. ასეთი ამომრჩევლების რიცხვი 6000-ზე მეტია.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ამომრჩევლები ვალდებულნი არიან უბანში იმყოფებოდნენ დამცავი პირბადით, რომელსაც მცირე ხნით მოიხსნიან ხმის მიცემამდე, კომისიის წევრების მიერ მათი იდენტიფიცირების მიზნით.

არჩევნებს აკვირდება პარტიების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 მეთვალყურე.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. შარლ მიშელის დოკუმენტის ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG