Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრი: საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება


„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც საკუთარი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი გუნდის მთავარი ოცნება ქვეყნის გამარჯვებაა:

„საზოგადოებას სჭირდება დამშვიდება, სიწყნარე, განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სამუშაო დღეები, მეტი სიღარიბის დაძლევა და, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ჩვენი ხალხის გაერთიანება. ეს არის ჩვენი მთავარი ოცნება და ჩვენი მთავარი მიზანი. რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო დღეს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, ჩვენ მობილიზებული ვართ, რომ აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს საარჩევნო დღემ. ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდობიანი, სამაგალითო არჩევნები, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და ჩვენი ქართული საზოგადოება“.

ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლისა და მისი დაკავების შესახებაც:

„მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. პროცესი მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის გამჭვირვალე და არავისთვის არ დავტოვებთ კითხვებს“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG