Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისსა და ზუგდიდში სპეციალურ სიასთან დაკავშირებით დარღვევებია


რადიო თავისუფლების კორესპონდენტები ქუთაისიდან და ზუგდიდიდან იუწყებიან, რომ საარჩევნო უბნებზე სპეციალურ სიასთან დაკავშირებით დარღვევებია - კერძოდ, მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მიდიან ხმის მისაცემად, რეგისტრაციისას იგებენ, რომ სპეციალურ, კორონავირუსით ინფიცირებულთა სიაში იმყოფებიან და საარჩევნო უბანზე ხმას ვერ მისცემენ. სპეციალურ სიაში მოქალაქეები მათი მიმართვის გარეშე არიან მოხვედრილები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ქუთაისის 44-ე უბანზე მისული ია კვეიძე სპეციალურ სიაში აღმოჩინა. როგორც ია კვეიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, კოვიდი 6 თვის წინ გადაიტანა და არ უნდა იყოს სპეციალურ სიაში. ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარე, ედიშერ კვირიკაძე განმარტავს, რომ ია კვეიძე რეანიმაციული განყოფილების მედდაა და ის კლინიკამ დაარეგისტრირა სპეციალურ სიაში. "ქალბატონი მის სამუშაო ადგილზე, გადასატანი ყუთის საშუალებით მისცემს ხმას", - ამბობს უბნის კომისიის თავმჯდომარე.
ია კვეიძისთვის სამედიცინო დაწესებულებიდან ამის შესახებ არავის უცნობებია.

ია კვეიძე საარჩევნო უბანზე, 9:15 წუთი
ია კვეიძე საარჩევნო უბანზე, 9:15 წუთი

სპეციალურ სიაში ია კვეიძის გარდა სხვა მოქალაქეებმაც იპოვეს საკუთარი თავი.

სპეციალურ სიასთან დაკავშირებით გაურკვევლობა შეიქმნა ზუგდიდის მერვე საარჩევნო უბანზეც. საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა, რომელიც სპეციალურ სიაში იმყოფებოდა, ითხოვდა, ხმა მიეცა უბანზე. ამ შემთხვევაში საარჩევნო კომისიას ჰქონდა მოქალაქის მიერ დაწერილი განცხადება, სადაც ის ითხოვდა გადასატანი ყუთით სარგებლობას.

ენმ-ს წარმომადგენელმა, სოფიკო ჩვამანიამ მოქალაქეს ჰკითხა, თუ შეეძლო დაედასტურებინა, რომ განცხადება მისი დაწერილი იყო. „ამის საპასუხოდ მან ეს განცხადება თავზე გადამახია”, - ამბობს კომისიის წევრი ენმ-დან სოფიკო ჩვამანია. მისივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწერა საჩივარი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს ამომრჩევლის განცხადების ნამდვილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG