Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო-სერბეთის საზღვარი ბარიკადებისგან გათავისუფლებულია


KFOR-ის წევრები სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე
KFOR-ის წევრები სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე

2 ოქტომბერს მუშებმა ბარიკადებისგან გაწმინდეს კოსოვო-სერბეთის საზღვრის ორი მონაკვეთი. ეს მოხდა ევროკავშირის შუამავლობით დადებული იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით იქნა ხელმოწერილი.

სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოება ეთნიკურ სერბებსა და ალბანელებს შორის ერთ მომენტში ლამის სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა, ხოლო საზღვარზე სამხედრო გამანადგურებლებიც გადაისროლეს.

კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმები ჩრდილოეთში მდებარე, ძირითადად, სერბებით დასახლებულ რაიონებში მდებარე ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გასული კვირის ბოლოს გაგზავნეს, სერბების საპროტესტო აქციების გამო. პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, კოსოვოში შესვლისას ავტომანქანებს სერბეთის სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით უნდა შეუცვალონ.

25 სექტემბერს კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ შსს-ს ორ ოფისს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერბეთი დაადანაშაულა „კოსოვოს სახელმწიფოზე თავდასხმებისკენ წაქეზებასა და მხარდაჭერაში“.

მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა. მისი განცხადებით, სპეცრაზმელები საზღვრიდან დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ. ბორელის თანახმად, დაუშვებელია ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია, ან ცალმხრივი, შეუთანხმებელი აქცია. მხარეებს თავშეკავებისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის. კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ნატოს ეგიდით მოქმედი კოსოვოს სამშვიდობო ძალების (KFOR)-ის სამხედრო პატრულის გაგზავნაც გახდა საჭირო.

კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა 2008 წელს. კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ევროპის სახელმწიფოების ნაწილს და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს დღემდე მიიჩნევს თავის ავტონომიურ პროვინციად.

XS
SM
MD
LG