Accessibility links

site logo site logo

პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია


კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადასტურებს, რომ საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკის ამსახველი პირბადით მისვლით კანონი დაარღვია და, სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

კახა კუჭავამ მომხდარის გამო წუხილი გამოხატა და თავისი ქმედება მექანიკური შეცდომით ახსნა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ დილის 8 საათზე ტრადიციულად სურდა პირველი მისულიყო საარჩევნო უბანზე და მანქანიდან გადმოსვლისას არ მიაქცია ყურადღება, რომელი პირბადე გაიკეთა. კახა კუჭავა დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოლოდინშია:

„ეს ფაქტი არის. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნების" სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა. მომხდარ ფაქტზე გამოხმაურებისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ მისი ქმედებით საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი დაირღვა და აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს.

კახა კუჭავას მიერ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით მისვლით გამოწვეული კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ეს ფაქტი აგიტაციად და კანონდარღვევად შეაფასა ასევე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემაც.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG