პარლამენტის წევრი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პრეტენზიები სამართალდამცავებსა და ციხის თანამშრომლებთან, რომლებთანაც მას უწევს კონტაქტი. ამის შესახებ ხერხეულიძემ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"თქვა, რომ უხეში დამოკიდებულება არ ჰქონიათ მასთან პოლიციას, ძალიან კარგად იქცეოდნენ. ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არაფერი უხეშობა არ გამოუვლენიათ. თქვა, რომ ყველამ, ვინც შევიდა მის ასაყვანად, ყველამ გადაიღო მასთან სელფი - ეს მითხრა, ინდიკაციაა მთავარი, მიხვდე, როგორი ჩამოშლილები არიან", - თქვა ხერხეულიძემ.
1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.