Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძის თქმით, ავტომანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ბათუმში პატრულმა დააჯარიმა


ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ილაპარაკა პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ეკა ხერხეულძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

როგორც ხერხეულიძე ჰყვება, ავტომანქანა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ბათუმში საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.

„ბათუმში ბულვარშიც იარა [მიხეილ სააკაშვილმა], პატრულმაც გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს“, - თქვა ხერხეულძემ.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა გაიარა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან.

„მერე ვილაპარაკოთო, რამდენი გარისკავდა ამ გზაზე მგზავრობას. მითხრა, რომ ოთხი დღე იმყოფებოდა აქ, მაგრამ ძალიან დიდი ხანი გზაში იყო. ძალიან დიდი თავგანწირვა აქვს ჩადენილი“, - ამბობს ხერხეულიძე და განაგრძობს, - „თბილისში მთაწმინდაზე აქვს გადაღებული ფოტო. კანცელარიასთანაც გაიარა“.

ეკა ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება განაპირობა „ფეისბუკზე" მეორე ვიდეოს გამოქვეყნებამ. „მგონია, რომ ბათუმის კამერებიდან გამომყვნენო".

როგორც პარლამენტის წევრი აღნიშნავს, მას სააკაშვილმა უთხრა, რომ ყველა პოლიციელმა, რომელიც შევიდა მის ასაყვანად, ცალ-ცალკე გადაიღო მასთან სელფი.

ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომაროებაზეც ლაპარაკობს: „გადასარევად, ძალიან მხნედ არის“.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG