Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია


საქართველოს და აშშ-ის დროშები
საქართველოს და აშშ-ის დროშები

აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. დიპლომატიური მისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

საელჩოს შეფასებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ და ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალური არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე მეტად ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი უშუალოდ დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა საჭიროებები და ინტერესები, მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. საქართველოს მოქალაქეებს ხშირად გამოუთქვამთ სურვილი, ჰქონდეთ მეტი ხმა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამ არჩევნებში ადგილობრივ საკითხებზე ყურადღების ნაკლებობა დაკარგული შესაძლებლობაა ამ მიზნის მიღწევის გზაზე.

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ, როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად, მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე.

აშშ-ს საელჩო იზიარებს მისიის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

აშშ-ის საელჩო აფასებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს", „საიას", „მრავალეროვან საქართველოსა", და „საერთაშორისო გამჭვირვალობას", საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. ამ ორგანიზაციების მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი - მიაჩნია საელჩოს. საელჩო შეწუხებულია ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში.

აშშ-ის დიპლომატიური მისია ღრმად შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის ზღვარი წაშლილია, ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა კი, წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.

საელჩოს თანახმად, ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს. ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

საელჩო ასევე, წუხს იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, იმაზე, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება, ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს.

აშშ-ის საელჩოს შეფასებითვე, შექებას იმსახურებს პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად. მაშინ, როდესაც ზოგიერთმა გატარებულმა ზომამ მოიტანა პოზიტიური ცვლილება, საერთო წარუმატებლობა, განმეორებადი ხასიათის დარღვევების შემცირების კუთხით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, იმედგაცრუებას იწვევს.

საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია. რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

აშშ-ის საელჩო მიიჩნევს, რომ ახლა პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

დიპლომატიური მისიის განცხადებითვე, წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია. 2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავების, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ.

დიპლომატიური მისიის შეფასებით, მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში და გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG