Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია "ალმას" ინიციატივას სიძულვილის ბანერების აკრძალვაზე, ცენზურის ხელშეწყობად მიიჩნევს


"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ სარეკლამო კომპანია "ალმას" საკანონმდებლო შეთავაზება სიძულვილის ბანერების აკრძალვის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობის ხელშეწყობა და კომპანიისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის შემცირების მცდელობაა. ბოკერიამ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კანონის მიღება "მთავრობას აწყობს".

"ეგ არის პირდაპირი გზა სიტყვის თავისუფლების ეფექტურად შეზღუდვისთვის, ვითომ კეთილშობილური მოტივით... ჩვენნაირ ქვეყანაში განსაკუთრებით, შინაარსში შესვლა და ამაზე დისკუსია ნიშნავს, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს, რა არის სიძულვილის ენა, რა არის ცრუ ინფორმაცია, სად გადის ზღვარი", - ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, კომპანიამ ამ დრომდე არ განათავსა მათი ნეგატიური რეკლამა, რომლის ხელშეკრულებაც უკვე დადებულია.

"კომპანია "ალმას", როგორც ჩანს, არ სურს ჩვენი ბანერების გაკვრა, ყველაფერი ამისკენ მიუთითებს და ამ ყველაფრის ბოლში გახვევა სურს, ამიტომ მათი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა", - დასძინა ბოკერიამ.

სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელმაც თავად განათავსა წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერები, ახლა მსგავსი შინაარსის სარეკლამო პლაკატების გაკვრის აკრძალვას ითხოვს. გარდა ამისა, კანონის მიღებამდე, უარს ამბობს "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე".

"ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში", - აცხადებს "ალმა".

სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებდა თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG