Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობა დაატოვებინა ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან პოლიციის დახმარებით გააძევეს ოპოზიციის წარმომადგენლები. შენობა დაატოვებინეს ჟურნალისტებსაც. შეხლა-შემოხლისას შენობის დერეფანში ავეჯი დაიმტვრა.

„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ და „დროას“ წარმომადგენლები ეკა ხერხეულიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია მხარდამჭერებთან ერთად მოითხოვდნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის კაბინეტში შესვლას. ოპოზიცია მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

საოლქო კომისიის შენობაში დაპირისპირებამდე გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა წითლიძემ და საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ პარტიის წარმომადგენელმა მირანდა გოგოხიამ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ოთახში, სადაც საარჩევნო ბიულეტენები ინახება და დალუქული უნდა იყოს, საოლქო კომისიის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრები იმყოფებოდნენ და „ბიულეტენებში იქექებოდნენ“.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებას სიცრუე უწოდა. მესხის თანახმად, ის შენობაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ბიულეტენების ოთახში კი მისი მოადგილე დალუქულ კონვერტებს ახარისხებდა, რისი უფლებაც კანონით აქვს. მირანდა მესხმა ბრიფინგისთვის განკუთვნილი ოთახი მალევე დატოვა, შეძახილების გამო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მას სისხლის სამართლის დამნაშავეს და მონას უწოდებდნენ.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მიიღო ხმების 43.16%, „ქართულმა ოცნებამ“ 40.06% და პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ 10.64%. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა პირველივე ტურში 40%-იანი ბარიერის გადალახვით გაიმარჯვეს 8-ში, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 6-ში. ერთ ოლქში, ამ ორი პარტიის კანდიდატთა მონაწილეობით, მეორე ტური გაიმართება.

შესაბამისად, ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 ან 23 მანდატი ექნება „ნაციონალურ მოძრაობას“, 19 ან 20 - „ქართულ ოცნებას“. ეს დამოკიდებული იქნება მეორე ტურზე, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად გაიმართება ზუგდიდის მე-4 ოლქში. საკრებულოში 3 წევრი ეყოლება პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“.

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის თვითმმართველი თემის მერის ასარჩევადაც, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია, რომელსაც 2 ოქტომბერს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 46%-ზე მეტმა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია, რომელსაც მხარი დაუჭირა 41%-ზე მეტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG