Accessibility links

site logo site logo

გავლენიან უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატის ბრალდება წაუყენეს


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკს, კრემლთან დაახლოებულ დეპუტატს და ოლიგარქს, სახელმწიფოს ღალატსა და აღმოსავლეთის ორ პროვინციაში სეპარატისტების მხარდაჭერაში წაუყენეს ბრალი. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ფეისბუკში თავის გვერდზე განაცხადა, რომ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში. ამ ინფორმაციის მიხედვით, დეპუტატმა თითქოს ანგარიში ჩააბარა რუსეთის ხელისუფლებას. გამოძიება ვარაუდობს, რომ მედვედჩუკის მოქმედებები ძირს უთხრიდა უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში.

უკრაინა 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ნელი ინტენსივობის ომში, რომელსაც 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს.

მედვედჩუკი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უმაღლეს რადაში ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას "სიცოცხლისთვის", რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG