Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იძიებენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე აკუსტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმებს


აშშ-ის საელჩო ბერლინში.
აშშ-ის საელჩო ბერლინში.

ბერლინის პოლიცია აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე აკუსტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმების თაობაზე. შესაძლოა, გერმანიაში მისგან დაზარალებულიყო რამდენიმე ამერიკელი და 200-მდე - სხვა ქვეყანაში.

ბერლინში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეენიშნებათ ე.წ. ჰავანის სინდრომის სიმპტომები, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი. მას ასე ეწოდება, ვინაიდან ჰავანაში პირველად დაფიქსირდა ასეთი შესაძლო თავდასხმა. 2016 წლის ბოლოდან ჰავანაში მყოფი აშშ-ის დიპლომატები უჩიოდნენ თავის ტკივილებს, გულისრევას, მოქანცულობას, კოორდინაციისა და სმენის გაუარესებას.

ჟურნალი Politico მაისში იტყობინებოდა, რომ თავდასხმის ორგანიზატორი შესაძლოა იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვა - გრუ. მაგრამ ზუსტი მტკიცებულებები არ მოიპოვება. მსგავსი სავარაუდო ზემოქმედების ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე კვირის წინ. როგორც The New York Times-ი იტყობინება, დაზარალებული შესაძლოა ყოფილიყო CIA-ის თანამშრომელი, რომელიც ინდოეთში მოგზაურობისას ახლდა თან უწყების დირექტორს, უილიამ ბერნსს.

სავარაუდოდ სიმპტომები ჩნდება აკუსტიკური ან მიკროტალღოვანი იარაღით ზემოქმედების შედეგად. პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს „ჰავანის სინდრომით“ დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს კონგრესის როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა წევრებმა.

XS
SM
MD
LG