Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ძმა და მამა მივიდნენ


საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა და მამაც მივიდნენ. 9 ოქტომბერს 30-მდე ექიმმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა.

პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ორშაბათს პატიმარს მისი შვილები და დედა მოინახულებენ.

გიორგი სააკაშვილი
გიორგი სააკაშვილი

"იმედია, რომ მომავალ კვირაში მიშას მეც ვნახავ, აქამდე ოჯახს არ გვაძლევდნენ ამის უფლებას. ადვოკატის საშუალებით შესაბამისი განცხადებით პენიტენციალურ დაწესებულებას მივმართავ. ვიცი, რომ მიშა მხნედ არის, მაგრამ ორივესთვის მნიშვნელოვანია ერთმანეთის პირისპირ ნახვა", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ფეისბუკში დადებული ვიდეოდან შეიტყო, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მალე შვილს მოინახულებს და პატიმრობიდანაც მალე გაათავისუფლებენ მას. ნიკოლოზ სააკაშვილმა შვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა, მაგრამ ის არ დათანხმდა.

მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო ნიკა (ნიკას მეძახის), მაგრამ შენ ჩემი ხასიათი იცი, ბოლომდე გავივლი. მე მივმართავ და ვუდასტურებ, ბრძოლა ბოლომდე!“ - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მე-9 დღეა შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

სწორედ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს ხელისუფლებას აქციის მონაწილეებმა. ირაკლი გიორგობიანის განცხადებით, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უფრო მასშტაბური აქცია გამართება.

XS
SM
MD
LG