Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისტორიულს უწოდებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ვიზიტს, რომელიც მომავალ კვირაში იგეგმება, აფასებს როგორც ისტორიულს.

მას შემდეგ, რაც პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტისას ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინას, რუმინეთს და ბრიუსელს ეწვევა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ლოიდ ოსტინს ერთ-ერთი პირველი სატელეფონო საუბარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ჰქონდა, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG