Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ისევ უარს ამბობენ დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე


ფოტო არქივიდან: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში
ფოტო არქივიდან: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დისკუსიის 54-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 13 ოქტომბერს დასრულდა.

თანათავმჯდომარეების - ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, უსაფრთხოების სფეროში საერთო სიტუაცია შეფასდა, როგორც შედარებით სტაბილური, თუმცა, დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს გადაუჭრელ საკითხებზე, მათ შორის დაკავებებზე, გადაადგილების შეზღუდვასა და COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირების პრობლემაზე.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების რეგულარული შეხვედრების აღდგენის აუცილებლობას შემდგომი შეფერხებების გარეშე. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები მიესალმნენ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნას ენგურის ხიდთან და საბერიო-ფახულანთან.

თანათავმჯდომარეების მოწოდებაა, რომ მიმოსვლის თავისუფლება სრულად აღდგეს ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც, ოძისის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტით.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა განცხადებით, სხვადასხვა ჰუმანიტარულ საკითხზე კონსტრუქციული ურთიერთქმედების მიუხედავად, ძირითადი პრობლემის - იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკითხის განხილვა ვერ შედგა, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ დისკუსია დატოვა.

როგორც წესი, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას ტოვებენ რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 54-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, 13 ოქტომბერს ღამით განაცხადა, რომ "რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე". საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზება და მოლაპარაკება დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG