Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ქვეყანას, იქნებ სიკვდილი აღმოჩნდეს გზის მანათობელი


ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის დაწყების მიზეზად ქვეყნის გადარჩენას ასახელებს. "მთავარმა არხმა" ექსპრეზიდენტის წერილობითი ინტერვიუს მეორე ნაწილი დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილი აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ გამოაქვეყნა, როცა პარტიის მხარდამჭერები აქციის გასამართად ემზადებოდნენ.

"დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის ლაივში, და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე", - აღნიშნულია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტში.

დღეს, 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრნენ.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG