Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: 30 ოქტომბერს ივანიშვილი ან შეეგუება რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, შეუპოვარი 


"ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით მთელი ქვეყანა რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და რაც მთავარია ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის წრფელი სიტყვები. არც ერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა. ამდენ ადამიანს ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მართლები ვართ, მართლები ვართ როგორც არასოდეს. გეგმა არის ერთადერთი. სხვა გეგმა ვერ იქნება. გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა" - თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდამჭერ ხალხმრავალ აქციაზე. მისი თქმით, თუკი "30 ოქტომბერს თუ ისევ გააყალბებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს", უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

"ჩვენი ძალა სიმრავლეშია" - უთხრა აქციაზე მყოფ ადამიანებს ნიკა მელიამ. ის ამბობს, რომ პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელია, თუ მორალურად არ გაიმარჯვებ და მისივე შეფასებით, დღეს ოპოზიცია მორალურად გამარჯვებულია.

"30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისათვის, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც არ ქონდეს ბიძინა ივანიშვილს. 30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ან შეეგუება რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, შეუპოვარი. აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენ მარტოები. მე მინდა, რომ მთელი საზოგადოება, როგორც დღეს, ერთად დავდგეთ.

არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, თუ როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება იქნება ბიძინა ივანიშვილზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს.

დღეს ჩვენ ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელიც იმას კადრულობს, რასაც დღეს კადრულობდა რუსთავში, სამტრედიაში, გორში და ასე შემდეგ. საკუთარი დეპუტატები გამოიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობები ჰქონდათ, მაგრამ მადლობა იმისათვის, რომ თქვენ მშვიდობით უპასუხეთ მათ გამოხტომებს. ეს არის ძალა, რომელიც გაგვამარჯვებინებს 30 ოქტომბერს" - თქვა ნიკა მელიამ. მან არაერთხელ გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ უკანდამხევი არავინაა.

30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, დღეს კი, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისში ჩამოვიდნენ. აქციაზე მომავალ მოქალაქეებს გზად ხვდებოდნენ ადამიანები ცოცხებით და ყავარჯნებით ხელში. ისინი აქციაზე მომავალ ადამიანებს "ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებს" ახსენებდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG