Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს


ხაშურის რაიონული სასამართლო
ხაშურის რაიონული სასამართლო

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 53 წლის კაცს, რომელსაც შვილიშვილის გაუპატიურება ედება ბრალად. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, პროკურორმა ვერცერთ მის კითხვას ვერ უპასუხა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პროკურორმა ვერ განმარტა, რა მტკიცებულებებს ემყარება ასეთი მძიმე დანაშაული?“ - ამბობს ადვოკატი, რომელიც ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“.

ბრალდებულისთვის წაყენებული, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაიგეგმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც. სააგენტოს განცხადებით, „არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი. არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო“.

შიდა ქართლში მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 13 ოქტომბერს ბავშვის პაპა მძიმე ბრალდებით დააკავეს.

XS
SM
MD
LG