Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა ექსტრემისტულად ცნო სვიატლანა ციხანოუსკაიას ტელეგრამის არხი


სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

მინსკის სასამართლომ პარასკევს ექსტრემისტულად ცნო ტელეგრამის არხი, რომელიც ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ, სვიატლა ცხიხანოუსკაიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პოლიციის კორუფციისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედანაყოფმა გაავრცელა.

„ექსტრემისტული მასალების შენახვა, ასევე ექსტრემისტულად მიჩნეული ტელეგრამის არხებისა და ჩათების გამოწერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ექსტრემიზმის მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული დადგენილება 12 ოქტომბერს დაამტკიცა ბელარუსის ხელისუფლებამ.
სვიატლანა ციხანოსუკაიას ტელეგრამის არხი გამოწერილი აქვს 10100-ზე მეტ ადამიანს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე აღმოაჩინა ადამიანები, რომლებიც არიან ადმინისტრატორები და მეტნაკლებად აქტიური ხელმომწერები მსგავსი ტელეგრამის არხებისა და ჩათებისა. ბელარუსში „ექსტრემისტულად“ უკვე ცნეს 100-ზე მეტი ინტერნეტის არხი, რომელთა ავტორები აქვეყნებდნენ ინფორმაციებს 2020 წლის საპროტესტო აქციების შესახებ და აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას.

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია ცხოვრობს ლიეტუვაში, სადაც უსაფრთხოების მოსაზრებებით წავიდა ბელარუსიდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს. ბელარუსის ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ზედიზედ მეექვსედ გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად. ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

XS
SM
MD
LG