Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მზიდ კედლებს ხელი არ მოკიდოთ" - მუშები წინასწარ გააფრთხილა კაცმა, რომელსაც ბათუმში ოჯახის 4 წევრი დაეღუპა


რამაზ დავლაძე
რამაზ დავლაძე

რამაზ დავლაძემ, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე, პირველ სართულზე მომუშავე პირები თავად გააფრთხილა - მზიდი კედლები არ დაენგრიათ.

რამაზ დავლაძე: ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

დავლაძემ შეამჩნია, რომ ბინაში, სადაც რემონტი მიმდინარეობდა, კედლები იყო დანგრეული და ოროთახიანი ბინა ერთ სივრცედ იყო გადაქცეული; თუმცა მზიდი კედლები ჯერ ისევ ადგილზე იყო.

შემდეგ მას რამდენიმე დღით მოუწია ბათუმიდან გამგზავრება და მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ, გვიან შეიტყო, რომ, მაგალითად, შენობის დეფორმირების გამო, კორპუსში კარი არ იღებოდა.

„ალბათ 1 რიცხვი [ოქტომბერი] იქნებოდა, ჩავედი და ვუთხარი - ეს არის მზიდი კედლები და ამას ხელი თქვენ არ მოკიდოთ... ნათქვამი მაქვს ეს მუშებისთვის... მე რომ შევედი ოროთახიან ბინაში, ფაქტიურად შევედი დიდ სივრცეში... დიდი სივრცე იყო - არც კედელი ჰქონდა და არაფერი... ისეთი არაფერი არ იყო დანგრეული, კითხვის ნიშნები რომ გამოეწვია - მზიდი კედლები ყველა ადგილზე იყო მაშინ“, - უთხრა დავლაძემ ჟურნალისტებს.

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, ამბობს, რომ არ უნდა ნაადრევად ვინმეს დადანაშაულება; მაგრამ თვლის, რომ უპასუხო შეკითხვები არ უნდა დარჩეს.

„ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - სახლი დაინგრა და რის გამო დაინგრა. რაღაც [მიზეზი] ხომ უნდა იყოს. დაინგრა უბრალოდ?! მიწისძვრა იყო?!

რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები - ოჯახი გამინადგურდა, გავღატაკდი კაცი და გავუბედურდი და რატომ უნდა იყოს ასე?!

არ მინდა, რომ ვინმეს ცილი დავწამო. ინჟინერი მე არ ვარ, კონსტრუქტორი მე არ ვარ, საბუთი არ მაქვს, რომ დასკვნა ვიღაცას მივცე... არის შესაბამისი სამსახურები და შეისწავლონ, გადაამოწმონ და ამის მიხედვით უნდა იყოს ყველაფერი ნათელი... დანარჩენი, რა ვიცი, ღმერთთან მიმინდია“, - ამბობს რამაზ დავლაძე.

ის იხსენებს, რომ 8 ოქტომბერს დილით, მეუღლემ ერთ-ერთი შვილი საბავშვო ბაღში წაიყვანა და შემდეგ ისევ სახლში მიბრუნდა. ხოლო თავად, საუზმის შემდეგ, ასე 10 საათისთვის გავიდა სახლიდან. როდესაც საშინელი ამბის შესახებ შეიტყო, დაიწყო რეკვა მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან, თუმცა, ცხადია, ვეღარავის დაუკავშირდა.

"ჩემზე ბედნიერი ადამიანი არც წარმომედგინა... ალბათ, ასეთია ღვთის ნება და ჩემი განგება... რომ მივდიოდით ხოლმე ბულვარში, მთელი ტროტუარი მიგვქონდა... დამენგრა ცხოვრება... ერთი ბიჭი დამრჩა და ეგაა - რაც სტიმულს მაძლევს ცხოვრების", - ამბობს ახალგაზრდა კაცი.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. ნგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ ერთი მამაკაცი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმის ფარგლებში, სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აქედან ერთ-ერთი პირველ სართულზე მდებარე იმ ბინის მეპატრონეა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი 2-დან 10-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG