Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითლიძე „ენგურჰესის“ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საოკუპაციო ძალებთან მოლაპარაკებაში ადანაშაულებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ანა წითლიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის „გაყალბებაში“ მმართველ პარტიას "ენგურჰესის" ადმინისტრაციაც ეხმარება.

როგორც პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ენგურჰესის" გენერალური მდივანი ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჯონი ჭანია მონაწილეობენ დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება.

და, რაც მთავარია, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ. საოკუპაციო ხაზი და დევნილებმა ვერ შეძლონ გადმოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა. ეს ადამიანები, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი არის ენგურჰესის გენერალური დირექტორი, მეორე კი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, არიან "ქართული ოცნების" წევრები, რომლებიც ამ არჩევნებში, როგორც კანდიდატები და მათი ოჯახის წევრები, როგორც კანდიდატები, ისე იღებდნენ მონაწილეობას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდების საპასუხოდ ლევან მებონიამ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავად მონაწილეობდა, როგორც „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მყოფი პირი, რომლის შედეგადაც ის გახდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ასევე აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრებს არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვთ და სხვა სფეროში არიან დასაქმებული.

რაც შეეხება ბრალდებას მოქალაქეთათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე და მოლაპარაკებას საოკუპაციო ძალებთან, ლევან მებონია ამბობს, რომ ეს ცილისწამება და სიცრუეა:

ეს არის წარმოუდგენელი ცილიწამება, თავხედობა, უტიფრობა და სიცრუე... როგორ წარმოგიდგენიათ, ენგურჰესის დირექტორს რამ მისცა იმდენი ძალა, რომ ოკუპანტების ჯარზე იქონიოს გავლენა? ვინ მიმიშვებს საერთოდ... წარმოიდგინეთ, ანუ მე მაქვს იმის ძალა, რომ ე.წ. საზღვარი დავაკეტინო, შესაბამისად, იმის ძალაც უნდა მქონდეს, რომ გავახსნევინო, ხო? მაშინ რა დამაკავებს, რომ არ გავახსნევინო და ქართველები არ შევუშვა თავის სახლებში?, - განაცხადა ლევან მებონიამ.

"ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ჯონი ჭანია, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ილაპარაკეს, "ენგურჰესის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ არის, ის "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსია. ამასთან, "ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს ანა წითლიძის განცხადებას - „პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანების მხრიდან მსგავსი განცხადებები ყოველგვარ ზღვარს სცდება“.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ და განვაცხადოთ, რომ შპს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობის მხრიდან დევნილებისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის ხელის შეშლის მიზნით, პირადობის მოწმობის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა. მსგავსი რამ ყოვლად მიუღებელია როგორც პიროვნული ღირებულებების, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. რაც შეეხება ენგურის ხიდის განზრახ ჩაკეტვის მცდელობაში მონაწილეობას, კატეგორიულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება“, - ნათქვამია შპს "ენგურჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

თავის მხრივ, ანა წითლიძე აცხადებს, რომ ენგურჰესის თანამშრომლების მხრიდან დევნილებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებების წარმოების შესახებ მტკიცებულებები აქვთ, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დამკვირვებლებს გადასცემენ. მისი მტკიცებით, ჰყავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმეები, რომლებიც კონფიდენციალურად საუბრობენ ლევან მებონიასა და ჯონი ჭანიას ამ პროცესში ჩართულობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG