Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრემიერმა 10 ტაძარი მოილოცა - DRI-ის კვლევა


19 აგვისტო, ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
19 აგვისტო, ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ორგანიზაციები და სასულიერო პირები წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდნენ, პოლიტიკური პარტიები კი რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებს საკუთარი კამპანიის ნაწილად აქცევდნენ. შუალედური ანგარიში პირველი და მეორე ტურის არჩევნებს შორის, დღეს, 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასულიერო პირების მსგავსი აქტივობა აკრძალულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2012 წლის განჩინების მიხედით.

"ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

აქვე მოყვანილია ამ მთავარი მიგნების რამდენიმე დამადასტურებელი გარემოება:

  • "[მართლმადიდებელი ეკლესიის] მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ";
  • "წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 10 ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და "მოილოცა". მათი ნაწილი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით ხორციელდება, რაც ყველა შემთხვევაში აღინიშნა";
  • "მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას ან/და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს";
  • მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები "ნაციონალური მოძრაობიდან", "პატრიოტთა ალიანსიდან", "ლელოდან" და პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის". თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს
  • "საქართველოს საპატრიარქოს "სუს-ის ფაილებთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება ღიად არ გაუკრიტიკებია. თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა უშუალოდ თვალთვალის განმახორციელებლები, არამედ "ფაილების გამავრცელებლები", მათ შორის, კრიტიკული მედია საშუალებები და მათი მესაკუთრეები".

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, მეორე ტური კი 30 ოქტომბერს იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG