Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა ახალგაზრდული ბანაკების აღდგენის გეგმა დასახა


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია. როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბანაკების მდგომარეობას და მათი აღდგენის გეგმა დასახა.

„კერძოდ, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკების რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში მოცემულ ბანაკებში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში - სტეფანწმინდასა (ჯუთა) და სვანეთში (აილამა) ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას თეა წულუკიანმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალგაზრდული ბანაკების აღდგენა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ბანაკები, დასვენებისა და გართობის გარდა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ადგილი იქნება და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG