Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში შეზღუდვები გამკაცრდა


18 ოქტომბერს დე ფაქტო საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორი კვირით იკეტება სკოლები, უნივერსიტეტი და სპორტული დარბაზები. 19 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება კარანტინის რეჟიმში გადადის.

გადაწყვეტილების მიზეზი კი ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუარესებაა. იზრდება როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების შემთხვევები. შტაბის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან ასევე იკრძალება ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების, მათ შორის, რელიგიური რიტუალების გამართვა. ეს აკრძალვა უფრო დიდხანს, 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

საჯარო და კერძო დაწესებულებებში ყველამ ნიღბით უნდა იაროს. გარდა ამისა, კაფეებისა და რესტორნების მომხმარებლების მიღება 50 პროცენტამდე უნდა შეამცირონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილებაც, მხოლოდ პირბადეებით არის შესაძლებელი. კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი 14 დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. დე ფაქტო ოპერატიული საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებას ახალი შეზღუდვების შესახებ ოსური მედია აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 93 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ერთი კაცი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG