Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა


ოძისი
ოძისი

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.

ხავიერ კოლომინას საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია გააცნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა. როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, ნატოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია გამყოფი ბარიერების აღმართვა, რაც ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო შეთანხმებას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რაც მივიღე მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ჯანდაცვისა და ვაჭრობის კონტექსტში. ასევე, იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ამ ადმინისტრაციული საზღვრით არიან ერთმანეთს დაშორებული“, - განაცხადა ხავიერ სოლომინამ. მისი შეფასებით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, რასაც ნატო თვალს აქტიურად ადევნებს და მხარს უჭერს. კოლომინას თქმით, აუცილებელია სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართული ყველა ძალისხმევის და საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა და ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჟენევის დისკუსია.

ხავიერ კოლომინამ, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა, საქართველოში პირველი ორდღიანი ვიზიტი 19 ოქტომბერს დაიწყო. კოლომინა შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინამ, რომელიც მანამდე ნატოში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე იყო, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე შეცვალა კანადელი ჯეიმს აპატურაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG