Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფის წევრებს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სურს - უცნობია ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

იუსტიციის სამინისტროში დასრულდა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეხვედრა. როგორც პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, შეხვედრაზე ყველა თანხმდება, რომ საჭიროა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა შევთანხმდით, საჭიროა, პრევენციული ჰოსპიტალიზზაცია კერძო კლინიკაში“, - თქვა ყიფშიძემ.

უცნობია, თავად მსჯავრდებულის პოზიცია. „ჰოსპიტალიზაცია გადაწყვეტილი არ არის, ჯერ ავადმყოფი უნდა დათანხმდეს ამაზე. შაბათს ან კვირას იგეგმება, მაგრამ საჭირო არის სააკაშვილის თანხმობა“, - თქვა ყიფშიძემ. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალიზაცია, რასაკვირველია, არ უნდა, მაგრამ, ექიმის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ესმის, რომ ადრე თუ გვიან ეს გახდება საჭირო.

„ჯერ უნდა დათანხმდეს ჰოსპიტალიზაციას, შემდეგ უნდა ამოვირჩიოთ ის დაწესებულება, რომელშიც იქნება განთავსებული. ყველამ ერთად უნდა ამოირჩიოს", - ამბობს დაამატა ყიფშიძემ. ამავე დროს, ექიმმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისეთივე, როგორიც იყო გუშინ.

პირადი ექიმის რეკომენდაციაა, რომ უფრო კარგი იქნება თუ ჰოსპიტალიზაცია შედგება შემდეგ ორ დღში, ვიდრე სამში.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მედიკოსთა მიგნენების მოსმენის შემდეგ ჯგუფმა მიიღო რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული.

„მე არ ვისაუბრებ საჯაროდ იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც მივიღეთ მედიკოსებისაგან, აბსოლუტურად დიდი ნაწილი იქნება შესრულებული. მათი დიდი ნაწილის შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან“, - თქვა მინისტრმა. მან დააზუსტა, რომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციის შესრულებას სჭირდება პატიმრის თანხმობა.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, „რაც იქნება საჭირო, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომაროებისთვის, იქნება გაკეთებული“.

შეხვედრაში ექიმთა კონსილიუმთან ერთად მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG