Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები: სააკაშვილის ციხეში ყოფნა აჩენს შეკითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ


19 ოქტომბერს ევროპარლამენტართა ჯგუფი გამოეხმაურა საქართველოში შექმნილ ვითარებას. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ერთგული უნდა იყოს ევროპული ღირებულებებისა. განცხადება შეიცავს მოწოდებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

"ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იმყოფება, აჩენს შეკითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო გამოსვლები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების პოლიტიკურ მოტივებს, რაც სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის სამართლებრივ სისტემაში და ეს ძირს უთხრის ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპული გზის სასარგებლოდ.- ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ნახსენებია "იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინა" და ის, რომ ახალგაზრდა, პოსტტოტალიტარულ რესპუბლიკებში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება და ციხეში ჩასმა მსოფლიოს მყისვე უგზავნის საგანგაშო სიგნალს, რომ მოცემულ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შესაძლოა უარესდებოდეს.

განცხადება იწყება შეხსენებით, რომ საქართველომ, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, უნდა დაიცბას ნაკისრი ვალდებულებები - "ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწფრაფებების ძლიერი მხარდამჭერია, და საქართველოს ევროპელი პარტნიორები მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან მოელიან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულად დანერგვას და დაცვას."

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მაშინ როდესაც "წყდება საქართველოს ევროპული მომავლის ბედი" - მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“-ს ეკისრება და "ისინი დგანან არჩევანის წინაშე - კვლავაც ეცადონ უარყოფითი შედეგების განეიტრალებას, გააღვივონ პოლარიზაციას და უნდობლობა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით, სანამ ბატონი სააკაშვილი ციხეშია, ან ყურადღება კვლავ მიმართონ კანონის უზენაესობასა და ევროპული ტიპის სამართლებრივ სტანდარტებზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის".

"ბატონი სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს გადაეცა. ეს არის გზა, ევროპული მართლმსაჯულება შეეხოს საქართველოს მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ საქმეს და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვას და მისი დასკვნების შესაბამისად იმოქმედებს. სანამ ევროსასამართლო განიხილავს საქმეს, ბატონი სააკაშვილი ციხიდან უნდა გაათავისუფლონ,“ ვკითხულობთ ევროპარლამენტართა განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ანდრიუს კუბილიუსი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე; რასა იუკნევიჩიენე, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და საქართველოში არ საჩივრდება, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული. ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი: მე-6 მუხლი - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; მე-7 მუხლი - არავითარი სასჯელი კანონის გარეშე და მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG