Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ტრაილერის მძღოლ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა არა მარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება.

გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშილი საქართველოში უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან სატვირთო გემ "ვილნიუსს" წამოჰყვა და ფოთში ამ გზით შემოვიდა. გემი საქართველოში 28 სექტემბერს, 23:00 საათზე შემოვიდა, საიდანაც დაახლოებით 2 საათში, 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ელგუჯა ცომაიას კუთვნილი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელშიც იყო რძის პროდუქტი.

პროკურატურის ინფორმაციით, 01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.

"ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწორედ ამ გარემოების გამო დაუმძიმდა ელგუჯა ცომაიას ბრალი. მის გარდა დაკავებულები არიან მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები და ტრაილერის კიდევ ერთი მძღოლი გიორგი ნარიმანიძე. სამივე მათგანს ბრალი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყნებეული.

შსს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლებით აგრძელებს გამოძიებას. ამ საქმეზე დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის გათვალისწინებული.

საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ამ დროიდან შიმშილობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG