Accessibility links

site logo site logo

იენს სტოლტენბერგმა „სამწუხარო“ უწოდა ნატოში რუსეთის მისიის მუშაობის შეწყვეტას


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება შეაჩეროს თავისი მუდმივი წარმომადგენლობის საქმიანობა ნატოს შტაბ-ბინაში, არ უწყობს ხელს დიალოგს.

„კვირის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ დახურავს თავის მისიებს ნატოში და ჩვენს ოფისებს მოსკოვში. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც არ უწყობს ხელს დიალოგსა და ურთიერთგაგებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, 20 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრების წინა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს გენერალურმა მდივნის თანახმად, მოსკოვის ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად ალიანსის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით თანამიმდევრული დარჩება.

„ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია დიალოგისათვის, მათ შორის რუსეთ-ნატოს კავშირის საშუალებით. ამავდროულად ჩვენ გავაგრძელებთ შეფასებას, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მეტად გავაძლიეროთ თავდაცვა და შეკავება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი წყვეტს თავისი მისიის მუშაობას ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, რაც წარმოადგენს პასუხს ნატოს მიერ თვის დასაწყისში რუსეთის მისიიდან რვა წევრის გაძევებაზე.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დარტყმაა აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირებზე, რომლებიც ისედაც უახლოვდება ცივი ომის პერიოდის დაბალ ნიშნულს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერაციები 1 ნოემბრიდან შეწყდება, და ამავე დღეს შეუწყდებათ აკრედიტაცია მოსკოვში ნატოს მისიაში მომუშავე პირებს.

ლავროვმა დასძინა, რომ ნატოს სამდივნოს უკვე შეატყობინეს რუსეთის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების თაობაზე. ლავროვის თანახმად, თუკი ნატოს რუსეთთან კითხვები აქვს, ალიანსის წევრებს შეუძლიათ მიმართონ ბელგიაში რუსეთის ელჩს. ლავროვს არ დაუკონკრეტებია, რა პირობებით შეიძლება მოხდეს მისიებში მუშაობის აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG