Accessibility links

site logo site logo

მინისტრმა დაასახელა დაწესებულება სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს მკურნალობა


რატი ბრეგაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან დაასახელა ის ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს მკურნალობა.

„ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს", - თქვა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“.

ამასთან, ყიფშიძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზების საკითხზე კონსულტაციებია გასავლელია ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან.

„ჰოსპიტალიზება არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, არავითარ შემთხვევაში, - თქვა ექიმმა, - ჰოსპიტალიზება იმიტომ არის საჭირო, რომ გავაგრძელოთ მისი სიცოცხლე, ამას ვეძახით პალიატიურ მკურნალობას“.

ექიმმა არ იცის, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს. როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრომ მას სია უნდა შესთავაზოს.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე მის ანალიზებზე ისაუბრეს. „ზოგი ანალიზის მაჩვენებელი უცვლელია, ზოგი გაუარესებულია. უკეთესობას არ უნდა მოველოდეთ“, - დასძინა ყიფშიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG