Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპზე საჭირო არაა


ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

„თქვენ იცით, რომ მე საერთოდ ვეწინააღმდეგები პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემას. პაციენტს [მიხეილ სააკაშვილს] აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს. თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და ასევე მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, - ამის თაობაზე ეკატერინე ტიკარაძემ კახეთში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რის შესახებაც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“. ამასთან, ნიკოლოზ ყოფშიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG