Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

96 წლის ქალის აცრით დაიწყო კახეთში „იმუნიზაციის მარათონი“


სოფელი მანავი
სოფელი მანავი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკის“ პირველი დოზით აიცრა დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მცხოვრები 96 წლის ნინო ფეიქრიშვილი. როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და იმუნიზაციის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებს თანასოფლელებსაც.

„ვაქცინაციის მარათონის“ ფარგლებში აიცრა მანავის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია დიდებულიძეც.

„ჯერ იმიტომ ავიცერი, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, და მეორეც, იმიტომ, რომ მასწავლებლობა ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. გარდა ამისა, მინდა ძველი ცხოვრება დაბრუნდეს, მოვიხსნათ პირბადე, გაიხსნას ობიექტები...“ - უთხრა ჟურნალისტებს პედაგოგმა.

კახეთში „იმუნიზაციის მარათონის“ დაწყებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ტიკარაძის თქმით, მარათონის მიზანია, გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი.

„კახეთში აცრის შეფერხებას თან ახლდა გარკვეული მიზეზები. როგორც მოსახლეობა ამბობს, ერთ-ერთი ეს იყო მოსავლის აღება. ასევე, ისინი საჭიროებდნენ მეტ ინფორმაციას. მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებიდან ვერ მოხდება ამ პროცესის გამართვა. აუცილებელი იყო პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების და ექიმების ჩართვა. დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის მარათონი გამოიღებს დადებით შედეგს და ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება“, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

საქართველოს დიდ სოფლებში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეა, „ვაქცინაციის მარათონი“ 18 ოქტომბრიდან დაიწყო. ეს პროცესი სხვადასხვა რეგიონში სულ 50-მდე სოფელს მოიცავს. უშუალოდ აცრამდე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის „იმუნიზაციის მარათონის“ ფარგლებში დაახლოებით 420 ადამიანი აიცრა. მარათონი კახეთიდან მცხეთა-მთიანეთში, შემდეგ კი სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG