Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ მისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება მიუძღვნა კორუფციის წინააღმდეგ ყველა მებრძოლს


რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ მისთვის სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მიუძღვნა მსოფლიოს ყველა მებრძოლს კორუფციის წინააღმდეგ.

ამის თაობაზე კომენტარი ხუთშაბათს გამოჩნდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სოცქსელებში.

ტექსტში ლაპარაკია მებრძოლებზე - „ჟურნალისტებიდან ადვოკატებამდე, მოხელეებიდან და დეპუტატებიდან იმ ადამიანებამდე, ვინც ქუჩაში გადის, რათა მხარი დაუჭიროს ამ ბრძოლას“.

„მინდა მათ ვუსურვო ენერგიულობა და სიმამაცე იმ მომენტებში, როცა ცოტა საშიშია ხოლმე,“ წერს ოპოზიციონერი.

როგორც ნავალნის კომენტარიდან ჩანს, მისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ადვოკატებისგან შეიტყო.

ევროპარლამენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 20 ოქტომბერს მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია „თავისუფალი აზრისთვის“.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს კომენტარი გაუკეთა ევროპარლამენტის მიერ ნავალნისთვის პრემიის მინიჭებას. მისი თქმით, „ვერავინ დაგვაძალებს, პატივი ვცეთ ასეთ გადაწყვეტილებებს“. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ადამიანებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, „არ მოეპოვებათ სანდო ინფორმაცია“. პესკოვს არ განუმარტავს, რა იგულისხმა.

ნავალნი მიმდინარე წლის დამდეგიდან არის კოლონიაში. ის იქ მოათავსეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთში დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა მოწამვლის შემდეგ. ნავალნის 2023 წლის შემოდგომაზე უწევს პატიმრობიდან განთავისუფლება. მაგრამ მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG