Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა უარყოფს „იმედის" ეთერით სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებასთან კავშირს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს პროკურატურა. ვიდეო, დიდი ალბათობით, საქართველოსკენ მომავალ გზაზე მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო.

პროკურატურა უარყოფს, რომ ვიდეოს გავრცელებასთან მას კავშირი აქვს. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა.

მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი იყო, რაც, მისი შეფასებით, საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.

პროკურატურა აცხადებს, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადებას ასე გამოეხმაურა: „უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, რომ თითქოს „იმედს" ჩვენ გადავეცით მასალები. ვიდეოს გადაცემით პროკურატურამ ჩაიდინა დანაშაული. დალუქული ტელეფონიდან მოხდა ვიდეოს გადაცემა".

სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ამ საქმეში ვიდეომასალები გადაეცა ორ ადვოკატს, მას და სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნარიმანიძის ინტერესების დამცველს. თუმცა, ბასილაიას განცხადებით, ნარიმანიძის ადვოკატს მასალები გადაეცა, მაშინ, როდესაც „ტელეიმედს“ ვიდეო უკვე გავრცელებული ჰქონდა.

„შეგვიძლია ეს დადასტურებითაც ვნახოთ. ნარიმანიძის ადვოკატის საერთოდ აცილება უნდოდა პროკურორს, ვიდრე სასამართლო პროცესი არ შედგა და პატიმრობასტან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიიღეს, მანამდე პროკურატურას მასალები არ გადაუცია. ნარიმანიძის პროცესის მიმდინარეობის დროს ეს მასალები გავრცელებული იყო", - განმარტა ბასილაიამ და განაგრძო, - მეორე ადვოკატი ვარ მე, რომელსაც ეს მასალები გადაეცა. როგორც ფიქრობთ, მე ეს მასალები გადავეცი „ტელეიმედს“?! ეს საღ აზრთან ახლოს არის?! ამავე დროს, პროკურატურამ რა მასალებიც გადმომცა, იმ მასალებში ეს ვიდეო არ არის. უფრო მეტის, ამ მასალის გადმოცემის შემდეგ მე დავუკავშირდი საქმის გამომძიებელს და ვკითხე, ეს ვიდეო მართლა არის საქმის მასალებში? მან მითხრა, რომ ეს მასალა ჩვენთვის გადმოცემული არ არის და საერთოდ არ იცის რა მასალაზეა საუბარი. ბუნებრივია, მანამდე ამოიღეს, ვიდრე ოფიციალურად მოხდებოდა დალუქვა და სამხარაულის ბიუროში გადაგზავნა (ან შეიძლება ლუქი მოხსნეს და ისე ამოიღეს). პიარისთვის გადასცეს „ტელეიმედს“ რომ პროპაგანდა აეწყოთ".

ადვოკატის განცხადებით, საუბარი არ არის ტელეკომპანიის ბრალეულობაზე, არამედ, მისი შეფასებით, შსს-მ და პროკურატურამ ჩაიდინეს დანაშაული.

„იმედის“ მიერ ვიდეოს გავრცელებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, მათ სააკაშვილის ვიდეო ექსკლუზიურად მოიპოვეს.

„ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია და ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა... ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა თავის მთავარ მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეომასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო“, - აცხადებდა ტელეარხი სააკაშვილზე საუბრის დროს.

გავრცელებული ვიდეომასალა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საწინააღმდეგოდ სასაუბროდ გამოიყენეს.

ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიცაა ამ ვიდეოში, ასეთივე არასტაბილურ მდგომარეობაშია ახლაც, ისიც და მთელი თავისი გუნდი. ადამიანს რომ ასეთი ილუზიები არ ჰქონოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ელემენტარული ვერ გაეთვალა, როცა აქ იპარებოდა ქურდულად", - განაცხადა ვიდეოზე საუბრის დროს ღარიბაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG