Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, ზუგდიდში სპეცოპერაცია იგეგმება


​განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეზინფორმაცია უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდო სპეცოპერაციის მზადების შესახებ. უწყებამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილმა, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გორში, ზუგდიდსა და სხვადასხვა წერტილებში სპეცრაზმის მობილიზება ხდება. როგორც მან 23 ოქტომბერს უთხრა „მთავარ არხს", ხელისუფლებას სურს ჩაატაროს სპეცოპერაცია, რაც „კიდევ ერთი სერია იქნება იმ ტიპის საქმეების, რაც იყო „საბურავების საქმე“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ინფორმაციით, სუს-ის დაახლოებით 30 წარმომადგენელი თბილისიდან მივლენილია ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ გამთენიისას ან დღის განმავლობაში დაიწყონ დაკავებები, მათ შორის, ყოფილი პოლიციელების. ნიკა მელიას თქმით, ისინი სამიზნეს წარმოადგენენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას საარჩევნო შტაბის წევრები არიან.

მელიამ სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის გააქტიურება 30 ოქტომბერს დანიშნულ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურს დაუკავშირა.

21 ოქტომბერს, ღამით დააკავეს დააკავეს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ლექსო რაფავა, რაც გააპროტესტა „სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“, რომლის წევრი თავადაც არის. ორგანიზაციამ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. „სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“ ამტკიცებს, რომ რაფავას იარაღი ჩაუდეს, რაც, განცხადების თანახმად, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადებაში ნათქვამია: „დილის 3 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირების გადაწყვეტილებით და ადგილზე მათი უშუალო ხელმძღვანელობით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, პოლიციის მაიორ - ალექსანდრე (ლექსო) რაფავას საცხოვრებელ სახლში, მეუღლისა და მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ჩაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და უკანონოდ დააპატიმრეს. თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა არის ჩვენი ორგანიზაციის - "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წევრი“.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ აცხადებს, რომ რაფავას სრულიად უკანონო დაპატიმრება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ მისი პოლიტიკური გემოვნებიდან და აქტივობიდან გამომდინარე და სარჩულად პოლიტიკური მოტივი უდევს.

დაკავებულია, აგრეთვე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გიორგი დათიაშვილი.

ნიკა მელიას განცხადებით, იგეგმებოდა შსს-ს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, რუსლან შამახიას დაკავება. „რუსლან შამახია, რომელიც არის ჩემი მეგობარი, ვერ დააკავეს და სპეცოპერაცია ჩაუვარდათ. რაც ზუგდიდში ღარიბაშვილის ჩასვლამდე უნდოდათ“, - თქვა მელიამ.

შამახია გამოკითხვაზე თბილისში იმყოფებოდა. „რუსლან შამახია აცხადებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მისი კუთვნილი იარაღი წაიღეს. როგორც ის აღნიშნავს, მას, როგორც თადარიგის ოფიცერს, აქვს იარაღის შენახვა-ტარების უფლება, გარდა ამისა, ამოღებული იარაღი მის სახელზე არის რეგისტრირებული.

სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებს და ლექსო რაფავას დაკავებას უკავშირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის ჭაბუკა რაფავას გადადგომას, შსს-ის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა.

თავად ჭაბუკა რაფავამ „იმედინიუსთან" საუბარში გადადგომა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სამსახურიდან დემარშით არ წასულა. „ვრჩები კადრების განკარგულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემიდან წავედი. შეიძლება სხვა დანაყოფში გავაგრძელო მუშაობა", - თქვა ჭაბუკა რაფავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG