Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: მხოლოდ მისი მმართველობის დროს იყო საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა 99%


რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის საქმიანობას მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისთვის. ხაბეიშვილის თქმით, არც ერთი სხვა მმართველის დროს არ ყოფილა ეკლესიის მიმართ იმხელა ნდობა და არც ერთ სხვა დროს არ აშენებულა იმდენი ეკლესია მონასტერი, რამდენიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას.

„მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, ხუთჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია ხუთი ჯვარი, ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში დავით აღმაშენებლის საფლავზე. და, აი, ამ მიშა სააკაშვილს რუსული ოცნება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომელსაც მკერდით ატარებდა, საპატიმროშიც ჰქონდეს. აი, ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული ოცნება, თითქოს ვიღაცას ებრძვის და თურმე ეკლესიას, რწმენას ევრძვის.

არადა, მითხარით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა იყო 99 პროცენტი. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი. სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი და მიშა სააკაშვილი ნამდვილად არის ძლიერი, გაუტეხელი, მას უყვარს მისი ხალხი, მას უყვარს ღმერთი და მას უყვარს ყველა რელიგიის მიმდევარი, ყველა რწმენის მიმდევარი. ის პატივს სცემს ყველას და მას ნამდვილად უყვარს მისი ეკლესია.

ჩემო მიშა, მინდა, აქედან გაგამხნევო, როგორც შენ, ისევე მეც და ჩვენი მილიონობით თანამოქალაქე ატარებს ჯვარს მკერდით, ხის, უბრალო, მაგრამ ძალიან ძვირფას ჯვარს. მინდა, გთხოვო გამძლეობა და მოგიწოდო, რომ გულში ატარე ის ჯვარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შენთვის და ძალიან მალე დაგიხსნით რუსების ტყვეობისგან, თავისუფლება მიშა სააკაშვილს“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსთავში აქცია საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმართება. მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ, ცდილობს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების კეთილგანწყობის მოპოვებას. ქართველ მღვდელმსახურთა უმეტესობა მიხეილ სააკაშვილს მხარს არ უჭერს. პატრიარქის თანამოსაყრდრე შიომ ისიც კი თქვა, რომ სახარებაც კი არ ქადაგებს ყოველთვის შერიგებას და პატიებას. ეპისკოპოსის თქმით, რომელიც შესაძლოა ერთ დღეს პატრიარქი გახდეს, „ბოროტება სასჯელით უნდა აღიკვეთოს, პირადი მტერი კი უნდა მოიკვეთო საკუთარი ცხოვრებიდანაც და საზოგადოებიდანაც”. მეუფე შიოს ამ მსჯელობისას მიხეილ სააკაშვილი არ უხსენებია, თუმცა არსებულმა კონტექსტმა მისი ფრაზები პოლიტიკური განხილვის თემად აქცია. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას უკანონოდ მიიჩნევს მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი, საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ეს ეკლესიის პოზიცია არ არის.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში სახელმწიფო უწყებებისგან დაფარულად შემოვიდა, 1 ოქტომბრის საღამოს დააკავეს. სააკაშვილი მთელი პატიმრობის დროის განმავლობაში შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG