Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე სააკაშვილზე: თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა, გადავიყვანთ სხვა კლინიკაში


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში მედიასთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის გამო. ის ამტკიცებს, ციხის "საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს" და ამის მიუხედავად, ავალებს რეგულირების სააგენტოს შეისწავლოს პენიტენტიური დაწესებულების ის კლინიკა, სადაც სასჯელაღსრულების სისტემა აპირებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, უარს აცხადებს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში მკურნალობის მიღებაზე, მისი უფლებადამცველები და ექიმი კი ყოველდღიურად აფრთხილებენ მთავრობას, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში საჭიროებს განთავსებას.

„გაჩნდა არაერთი კითხვა, თუ რამდენად აკმაყოფილებს პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო იმ ყველა საჭირო მოთხოვნას, რომელიც ესაჭიროება ნებისმიერ პაციენტს. სწორედ აქედან გამომდინარე, გუშინ რეგულირების სააგენტომ მიიღო დავალება, რის შედეგადაც, ის დღეს შევა პენიტენციურ საავადმყოფოში და შეამოწმებს მის მზაობას არა მხოლოდ პაციენტ სააკაშვილის, არამედ სხვა პაციენტების მიღების უსაფრთხოების თაობაზე, დადებს დასკვნას, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჯაროებთ“, - თქვა დღეს ეკატერინე ტიკარაძემ.

კლინიკა, რომელიც რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს, 24 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრთან ერთად მოინახულა ტიკარაძის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ ის მზად არის მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. ამავე დღეს გლდანის ციხესთან არსებულ კლინიკას სტუმრობდა სახალხო დამცველის აპარატიც. ომბუდსმენი მკაფიოდ ამბობს, რომ შეუძლებელია ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ის სამედიცინო სერვისი, რასაც კონსილიუმი საჭიროდ თვლის და რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იქნება. იმის თაობაზე, რომ გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში შეუძლებელია სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის მიღება, სახალხო დამცველი 2020 წელსაც წერდა შესაბამის ანგარიშში.

სააკაშვილის ექიმისა და უფლებადამცველებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი და ამ ეტაპზე, ანუ შიმშილობის 26-ე დღეს, მას სხვა კლინიკაში გადაყვანა არ სჭირდება.

„რაც შეეხება ექსპერტების რეკომენდაციებს, რეკომენდებული იყო დოპლერის გაკეთება პაციენტისთვის, რაც გუშინ შესრულდა და პაციენტს ამ მიმართულებით არ აღენიშნება არანაირი გართულება. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც გასცემენ ექსპერტები, თუმცა მნიშვნელოვანი არის, კლინიკური დასაბუთება, რომ პაციენტს ეს ნამდვილად ესაჭიროება და გარწმუნებთ, რომ მას არ შეექმნება არც ერთი სასიცოცხლო რისკი.

პაციენტი იმყოფება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. კონსილიუმის გარდა, იქ არსებული სამედიცინო სტაფის მხრიდან ხდება მისი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ყველა რისკი არის დაყვანილი მინიმუმამდე. მის პირად ექიმსაც არ აქვს არანაირი შეზღუდვა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი დროით შეუძლია, შევიდეს პაციენტთან და დადოს შესაბამისი დასკვნა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ასევე გავრცელებული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მსჯავრდებულების საპატიმრო დაწესებულებებიდან კლინიკებში სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს, რაზეც მინისტრმა თქვა, რომ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

„დავინტერესდი ამ მონაცემებით და ეს პაციენტები გადაყვანილი არიან სხვადასხვა კლინიკებში სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე. ეს იყო სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა. პაციენტ სააკაშვილსაც თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ. ამ ეტაპისთვის, მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ იყოს გადაყვანილი სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში. უბრალოდ, ეს საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG