Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალი შეზღუდვები დაუწესეს


საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", კობა ნაყოფია ამბობს, რომ ციხეში მყოფ მის თანაპარტიელსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახალი შეზღუდვები დაუწესეს. ნაყოფიამ ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ საპატიმროში შესვლამდე ის გააფრთხილეს.

"თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს დარეკვა, ის ვერსად ვერ რეკავს - ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამაც ვერ აღიქვას და ვერავინ ვერ ნახოს მისმა მომხრემ - ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი. დღევანდელი ამბავი არის ის, რომ ახლა უკვე მისთან მისულს წერილსაც არ ატანენ. მე რომ მივდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი გზა, რომ მივიღოთ წერილები, იქნება ფოსტა ან ადვოკატი", - თქვა ნაყოფიამ.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ.

"ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

ერთადერთი გზა, რითაც ის საკუთარ მხარდამჭერებს ციხიდან ეხმიანებოდა, ადვოკატებისა და მასთან შესახვედრად შესული ადამიანების მიერ გამოტანილი წერილები იყო.

მასალა განახლდა პენიტენციური სამსახურიდან პასუხის მიღებისთანავე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG